понедельник, 10 июня 2019 г.

პროექტის სახელი: ,,ენა ქართული დედაა ჩემი,,
პროექტის იდეა: მოსწავლეები გაეცნონ ქართული ანბანის ისტორია, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს ქართული ენისა და ერის წინაშე. გაავლონ პარალელები მიღებული ცოდნის, იაკობის ნაშრომის და მშობლიურ დამწერლობას შორის. დასკვნით ღონისძიებაზე კი ეს გაერთიანებული ინფორმაცია გაუზიარონ დამსწრე საზოგადოებას.
პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეები გააცნობიერებენ რა ნიშან-თვისებებით განსხვავდება მათი მშობლიური ენა და დამწერლობა მსოფლიოში არსებულ დანარჩენ ენებსა ან დამწერლობებს შორის. რატომ გვაქვს დამწერლობის სამი სახეობა, რომელ ქარტველ მეფეს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა, როგორ აფასებენ თანამედროვენი ქართულ ენას და რა ხატოვან გამონათქვამებს უძღვნიან მას.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას, თავიანთი მშობლიური ენისა და დამწერლობის მიმართ ემპათიის გაღვივებას. მოსწავლეებში გამოიწვევს ახალი უნარ-ჩვევების ფორმირებას, ახალი ცხოვრებისეული ღირებულებების გაცნობიერებას.
პროექტის მიზანი/მიზნები:
➤ქართული ანბანისათვის დამახასიათებელი სამი დამწერლობის გაცნობა.
➤იაკობის როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გაცნობა და გააზრება.
➤თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება.
➤მოსწავლეებში კვლევა-ძიების, მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 6 წელი
ვადების ხანგრძლივობა:6 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის ისტორიას, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს მშობლიური ენისა და ერის წინაშე. ანბანის მიხედვით შესწავლილ ლექსებს, გამოცანებსა და ანდაზებს  გადასცემენ დამსწრე საზოგადოებას ზეპირად. 
შეიქმნება ფორმატზე დედაენის პირველი ფურცლის იმიტაცია, მოსწავლეები დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს მშობლებისათვის და მასწავლებლებისათვის.
კლასში მოეწყობა მოსწავლეების მიერ დამზადებული ანბანის გამოფენა, მოეწყობა საკლასო ღონისძიება :,, ენა ქართული დედაა ჩემი,,
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი: 
              სასწავლო რესურსი :ფლიფჩარტი, ფერადი ქაღალდები, მაგნიტური დაფა, წებოვანი ფერადი ფურცლები, წებო, მარკერები.
                       ადამიანური რესურსი:მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
პროექტის მსვლელობა:ლურჯი ფერის ქაღალდებისგან გამოვჭერით ყვავილები(იები) , გულები გავუკეთეთ ყვითელი ქაღალდისაგან. დავამზადეთ 33  ყვავილი და თითოეულის გულში ჩავწერეთ ანბანის ერთი ასო-ბგერა. დავამზადეთ მოსაწვევი ბარათები და მოსწავლეებმა თვითონ აირჩიეს ის მასწავლებლები, რომლებიც სურდათ მოეწვიათ საკლასო ღონისძიებაზე. შემდეგ მოსწავლეებმა დაარიგეს მოსაწვევები. ღონისძიების დღეს კი ფერად ბუშტებზე დააწერეს დამსწრე ბავშვების სახელები, და ღონისძიების შემდეგ გადასცეს მათ.
ღონისძიების დღეს გვესტუმრნენ მშობლები, მასწავლებლები და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ღონისძიება დაიწყო მისასალმებელ სიტყვით, რომელიც გაგრძელდა ანბანისთვის შესაფერისი ლექსებით, გამოცანებით და ანდაზებით. ღონისძიება გამოვიდა საინტერესო და სახალისო. განწყობა იყო ამაღლებული და საზეიმო, მოწვეული სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ პირველკლასელების შემოქმედებით.
                 ენა ქართული დედაა ჩემი

იკო     1. მოგესალმებით ყველას, ჩვენ ამ სკოლის პირველკლასელები ვართ. ესენი ჩემი და-ძმები არიან. ჩვენ უკვე მეშვიდე თვეა პირველკლასელები გვქვია და დიდი მონდომებით  ვსწავლობთ ჩვენ მშობლიურ ენაში გამოჩუქურთმებულ 33 ასო-ბგერას.
საბა     2. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ და ვისწავლეთ ამ 7 თვის განვავლობაში და ახლა გვინდა  ეს ყველაფერი თქვენ გადმოგცეთ, გაგაკვირვოთ და გაგახაროთ.
ბარბი    3.თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, რომლელთაც იმხელა ამაგი აქვთ გაწეული სამშობლოს წინაშე, რამხელა ამაგიც იაკობ გოგებაშვილმა დასდო მომავალ თაობებს--შექმნა რა შეუფასებელი განძი, რომლითაც სულ პირველი ანა-ბანა დაისწავლა ქართულ ენაზე მეტყველმა თითოეულმა ქალმა თუ კაცმა.
ნიკო  4.  იაკობმა მოარგო ჯადოსნური გასაღები ქართული ენის ოქროს სკივრს, ამ გასაღებს ,,აი ია,, დაარქვა და პატარებს ყველაზე ტკბილ ზღაპარშიც თვითონ  შეუძღვა..
იკო     5.იაკობმა გვასწავლა რომ, დედაენა არის ენა სულისა, უცხო ენა კი, ენა მეხსიერებისა. მხოლოდ მშობლიურ ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ..
საბა  6.დედაენის დღე საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ყოველწლიურად 14 აპრილს აღინიშნება.

                                                  დედაენა
ნიკო  7.დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო.
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.

 ბარბი.8 დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული.

 იკო. 9. სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.

საბა 10.ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა
თვალის პირველ ახელა

ნიკო. 11/ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.

 ბარბი.12.ვინ გვასწავლა სიყვარული,
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა.

საბა.13.მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველდ
ჭირსა შიგან გამაგრება
ქვეყნის გასაკვირველად!

ნიკო.14.და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება.

იკო.15დედაენას დედასავით
მოფერება  სჭირდება

ბარბი.16ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის

საბა.17დედაენამ კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ!

იკო. 18დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო.


  ქართლის ცხოვრების თანახმად ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა. თანამედროვე ქართულ ანბანში 33 ასოა. ძველ ანბანში კი 38 ასო-ბგერა იყო. მათგან 5 თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. დასაბამიდან დღემდე ქართული დამწერლობის სამი სახეობა არსებობს.
ასომთავრული--უძველესია ქართულ დამწერლობებს შორის.
ნუსხური--შემოდის მეცხრე საუკუნიდან.
მხედრული--თანამედროვე დამწერლობას ეწოდება და გვხვდება მეთერთმეტე საუკუნიდან.
 მსოფლიოში სამიათასი სალაპარაკო ენაა და მათგან  მხოლოდ 14  ანბანია. ამათგან კი ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია.

ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია II ქართულ ენაზე წერს: ,, ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული.
მასშია  მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო.
ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი.
ძლიერია, ვით სვეტიცხოველი, ნაზია ვით ყვავილზე მარგალიტებად დაკიდებული დილის ნამი..,,

დედამიწაზე არცერთ ერს არ მიუძღვნია იმდენი ლექსი, ხატოვანი გამონათქვამი და თბილი სიტყვა საკუთარი ენისათვის, რამდენიც ქართველ ერს.
საქრთველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ენასა და ანბანს ძეგლი დაუდგგეს! სადაც მშობლიური ენა საოცარი, ზღაპრული, უტკბილესი და მართლაც ღვთაებრივი სიტყვით გამოითქმის. ამ სიტყვას ,,დედაენა,, ჰქვია...

ანი-ალავერდი
ბანი-ბირთვისია
განი-გელათი და
დონი დადაშენი,
ენი-ერუშეთი
ვანი- ვარძიაა,
ზენი --ზედაზენი,
თანი-თუხარისი,
ინი-ილორია,
კანი-კვეტარია
ლასო-ლომისია,
მანი-მოწამეთა,
ონი ოლთისია,
პანი-პარხალი და
ჟანი-ჟამისია,
რაე-რუისია,
სანი-სამებაა,
ტარი-ტაოსკარი
უნი-უფლისციხე
ფანი-ფანასკერტი,
ქანი ქაშუეთია,
ღანი-ღვთისმშობლის და
ყარი-ყოვლადწმინდა,
შინი-შუამთაა,
ჩინი-ჩირიკია,
ცანი-ცაიში და
ძილი-ძელისაა,
წილი-წილკანია,
ჭარი-ჭერემია,
ხანი-ხორნაბუჯი,
ჯანი-ჯრუჭისაა,
ჰაე-ჰაერივით წმინდა ჰუაბია.


მთელი წლის განმავლობაში თითოეული ასო-ბგერის შესწავლისას ნათია მასწავლებელი გვაძლევდა ასო-ბგერის შესაფერის ლექსს
შემდეგ კი ამ ლექსებს გვიკინძავდა  და საბოლოოდ ასეთი სახის ლექსების კრებული მივიღეთ.
იცით რამდები ლექსია? 33!  და ახლა ამ ლექსებს თქვენ  შემოგთავაზებთ
 მოგვისმინეთ და ამ ლექსებით გამოგზაურებთ ანაურსა და დარიალში, თრიალეთსა და ხევსურეთში!
ანბანთქება.
 გამოცანებიც ვისწავლეთ, იცით რამდენი?
ისიც 33 !
ახალა ჩვენზე ამ გამოცანების მოყოლა იყოს, თქვენზე კი გამოცნობა!
დავიწყოთ? დავიწყოთ.
ქართული ასოები,
ბევრი ტკბილი ამბავი
პირველად გადავშალე
მშობლიური (ანბანი)
მოვიარე ტყე და ველი,
ბურდღუნებდა დათვის (ბელი)
ხომ ლამაზად ცურავს დედი,
ეს ქათქათა თეთრი (გედი)
გაიხსენე და თქვი,
რა ბურდღუნებს? (დათვი)
გაზაფხულზე ამოდის,
ყელს იღერებს ნელ-ნელა
იის მეგობარია,
სიფრიფანა (ენძელა)
დაავიწყდა დედას დარდი,
რომ მიართვა ნიკომ (ვარდი)
ზარმაცისთვის შესაზარი,
გუგუნებს და რეკავს (ზარი)
გააკეთა მცირე თხრილი
და შიგ ჩარგო პაპამ (თხილი)
ჭუკს ვასწავლე კინტაური
ტრაბახობდა (ინდაური)
ალბათ ძალზე დაიღალა
ანდა აღძრდა აკლია,
ისე დახტის, ცანცარებს
აბეზარი (კალია)
მხეცებს შორის შეწყდეს ომი
ღრიალებდა მეფე (ლომი)
მტაცებელი, ცხვრების მტერი,
მირბის და გზას ასდის მტვერი
გახლავთ ბევრი ავის მქმნელი
ეს ცხოველი არის (მგელი)
მოყვითალო მცენარეა,
მიწაში აქვს მცირე ფესვი,
ტკბილია და გემრიელი
მას სახელად ჰქვია (ნესვი)~
უდარდელად დაცოცავს,
არ აწუხებს ობლობა,
აივანზე ჩუმ-ჩუმად
ქსელს აბამდა (ობობა)
აბა, ყველამ მიგდეთ ყური
ძლიერ გვიყვარს თონის (პური)
ამ თანადი ცხოველის,
კვება ჯდება იაფი
მხოლოდ ფოთლებს მიირთმევს,
ტანხატულა (ჟირაფი)
დას უხსნიდა ციცქნა ნელი
ყურძნის კრეფას ჰქვია (რთველი)
კოკო-კოკო, კოკო-კოკო
ყველას ამცნობს ჩხიკვი კოკო
ნაწვიმარზე ამოვიდა
ბევრი პაწაწინა(სოკო)
დილით ადრე მგალობელს,
რომ უსმენდა გოგოლა
ტკბილხმიანი ფრინველია,
რა  იქნება?(ტოროლა)
გოჭუნიამ რკო მიირთვა
მერე პანტა გულაბი,
ბოლოს დააგემოვნა,
გემრიელი (უნაბი)
კუდფუმფულა ციყვუნას,
მსურს ახლოდან ვუცქირო,
ამიტომაც მოვძებნე
ტყეში მისი (ფუღურო)
ყურძენს მზეზე მაწყობენ,
არ შემშვენის ვიშვიში
რადგან მალე ვიქნები,
ტკბილზე ტკბილი (ქიშმიში)
ერთი ორი, ერთი ორი,
თვლას ასწავლის გოჭებს (ღორი)
ჩხავის, ამატკივა თავი,
შავია და ქვია ( ყვავი)
სულაც არ სჭირდება საშვი,
ისე გალობს ტყეში (შაშვი)
ჩოჩორს ამცნობს დედა ვირი
ამ გამხმარ ხილს ჰქვია (ჩირი)
არ გეგონოთ იგი ბრიყვი,
თხილს მიირთმევს ვახშმად (ციყვი)
კატას ძლიერ ემტერება
და აიკლო ყეფით სახლი,
ხან მაბრაზებს, ხანაც მიღრენს,
მაინც მიყვარს ჩემი (ძაღლი)
მეც მინდა რომ ბევრი ვწერო,
ნისკარტს მაღლა წევდა (წერო)
კოპლებიან ციცქნა მწერს,
არ ასვენებს მაია,
ფრი-ფრი, ფრი-ფრი, აფრინდი
ჩემო (ჭიამაია)
ბიჭი ისე დაითხუპნა,
ის დაჭირდა ლამის ოცი,
კიდევ კარგი რომ იპოვა,
მთელი შეკვრა ხელსახოცი.
ღრუტუნებდა წუხელ ღორი
ვირსა და ცხენს ჰყავთო (ჯორი)
ხეებს შორის გავაბი,
ტატოს ამცნობს აკაკი,
აბა, გამოიცანი,
ვწვებით, ჰქვია (ჰამაკი)

      ჩვენი პატარა ღონისძიება დასასრულს მიუახლოვდა და ისევ და ისევ ქართული დალოცვილი ანდაზებით გვინდა დაგემშვიდობოთ, რომელსაც ჩვენი მოქარგული ანბანის თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ!
ა- არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.
ბ-ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობაო.
გ-გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევსო.
დ-დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო.
ე-ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
ვ-ვინც წყალზე გადო ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო.
ზ-ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო.
თ-თუ ღმერთი მწყალობს, ეშმაკები ვერას დამაკლებენო.
ი-იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ არ გაგაწბილოსო.
კ-კაი კაცს ყველა ეპატიჟება ცუდს--არავინო.
ლ-ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა  კაი კაცობითაა ნაშოვნიო.
მ-მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.
ნ-ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო.
ო-ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო.
პ-პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
ჟ-ჟინიანი კაცი წინ ვერ წავაო
რ-რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია.
ს-სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია.
ტ-ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
უ-უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა ქვას დაემატაო.
ფ-ფონი გასავალს დალოცეო.
ქ-ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო.
ღ-ღორი გასუქდა და ნეტავი მგელს დამაჭიდაო.
ყ-ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო.
შ-შავიჩხენი ბანვით მოკლეს, თეთრი დაუბანლობითო.
ჩ-ჩემი ენა ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი.
ც-ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო.
ძ-ძალა ერთობაშია.
წ-წინა კაცი უკანას ხიდიაო.
ჭ-ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო.
ხ-ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითო.
ჯ-ჯერ ძილი, მერე სიზმარიო.
ჰ-ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისაო.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ქართულ ენასთან, ხელოვნებასთან
ქართული ენა:
ქართ.I .2 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.I .11 მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ხელოვნება:
ს.გ.I. 4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრის შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მიხედვით.
ს.გ.I.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

ს.გ.I. 10 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.( მონაწილეობს საკლასო ან სასკოლო ზეიმში; მონაწილეობს საკლასო გამოფენაში.)
         
                                                      რეფლექსია
2019 წლის აპრილის თვიდან მაისის ბოლომდე  განვახორციელე პროექტი ,,ენა ქართული დედაა ჩემი“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები ღრმად გაცნობოდნენ მშობლიურ ენას, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს ქართული ენისა და ერის წინაშე. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით სასკოლო ბიბლიოთეკაში მოიძიეს პროექტთან  დაკავშირებული ლიტერატურა. ასევე ლიტერატურის დასამუშავებლად გამოვიყენეთ ინტერნეტ სივრცე, მოძიებული მასალების მიხედვით დავწერე საკლასო ღონისძიების სცენარი.
მოსწავლეებმა მოირგეს თავიანთი როლები და შეისწავლეს მიცემული მასალები: ლექსები, გამონათქვამები, ანდაზები და ქართული ენის განვითარების ეტაპები.
მიღებული ცოდნის პრეზენტაცია გააკეთეს მოწვეული მშობლების, მასწავლებლების და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წინაშე.
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ აღნიშნული პროექტით ინფორმაციის მოძიების, ტექსტზე მუშაობის, გადმოცემის და მინიმალური საპრეზენტაციო და სასცენო უნარ-ჩვევები.










Комментариев нет:

Отправить комментарий